EST.MMXXVI
LECTORIVMSODALITAS SELECTAArgumentum, non auctoritas.
ყველა პუბლიკაცია

ანალიზი ·

ალბანური ნარატივი და ქართული კულტურული მემკვიდრეობა: იდენტობის პოლიტიკა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში

სტატია იკვლევს აზერბაიჯანში ალბანური ისტორიული ნარატივის ჩამოყალიბებას, მის პოლიტიკურ ფუნქციას და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს.

ავტორი: გიორგი კობერიძე

სტატიის ფაილის ჩამოტვირთვა
გიორგი კობერიძე ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრაზე
გიორგი კობერიძე ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრაზე

სამხრეთ კავკასია წარმოადგენს რთულ გეოპოლიტიკურ არეალს, სადაც ისტორიული ნარატივები და იდენტობის ფორმირების პროცესები პირდაპირ აისახება სახელმწიფოთა პოლიტიკურ სტრატეგიებზე. თანამედროვე აზერბაიჯანის აკადემიურსა და სოციალურ წრეებში იდენტობის რამდენიმე განსხვავებული კონცეფცია ფიგურირებს, რომელთაც სხვადასხვა დონის მხარდაჭერა აქვთ და დღის წესრიგში სხვადასხვა სიხშირით განიხილება. პირველი და ძირითადი არის უშუალოდ აზერბაიჯანული იდენტობა, რომელიც მკაფიოდ უსვამს ხაზს თურქულ წარმომავლობას. მეორეა ალბანური იდენტობა, რომელიც ადგილობრივ, კავკასიის ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობაზე აკეთებს სტრატეგიულ აქცენტს. მესამე მიმართულება საერთო თურანულ იდეოლოგიას ეფუძნება, რომელიც „დიდი თურქეთის“ იდეას და თურქულენოვანი სამყაროს უპირობო ერთიანობას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, არსებობს შედარებით მიძინებული ირედენტისტული ხედვაც, რომელიც გარკვეულწილად „დიდი აზერბაიჯანის“ იდეასაც კი მოიაზრებს. ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, ირანის აზერბაიჯანული მოსახლეობის ხარჯზე ტერიტორიულ გაფართოებაზე აკეთებს ფოკუსირებას და 1828 წლის თურქმანჩაის ზავის ისტორიულ უსამართლობაზე საუბრობს, რა დროსაც რუსეთმა და ირანმა აზერბაიჯანული მოსახლეობის ორ სახელმწიფოში გაყოფა მოახდინა. თურანული და ირედენტისტული ხედვები ყველაზე მკაფიოდ აბულფაზ ელჩიბეის მმართველობისას (1992-1993) გამოიკვეთა, ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებამ კი მას მხარი მხოლოდ ნაწილობრივ დაუჭირა, თუმცა ბოლომდე არ უარუყვია.

ალბანური ისტორიული მემკვიდრეობის კუთვნილების მცდელობა და მისი სახელმწიფო ნარატივად ქცევა საბჭოთა ეპოქაში დაიწყო. როდესაც რეგიონი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, ბაქოში საკმაოდ მძლავრი იყო ზოგადრევოლუციური და ინტერნაციონალური საბჭოთა იდენტობა. ეს მძლავრი საბჭოთა იდენტობა ღიად უპირისპირდებოდა და თრგუნავდა ნაციონალისტურ აზერბაიჯანულ განწყობებს. 1930-იანი წლებიდან პანთურქიზმთან ბრძოლის ფონზე, ეთნონიმი „თურქი“ ორგანიზებულად განიდევნა ხმარებიდან და მკაცრად წინ წამოიწია „აზერბაიჯანელი“, ხოლო ისტორიოგრაფიამ ავტოქთონური ფესვების ძიება დაიწყო. სწორედ ამ იდეოლოგიური ვაკუუმის შესავსებად და ისტორიის სეკულარიზაციის მიზნით, მოგვიანებით საბჭოთა აზერბაიჯანის ისტორიოგრაფიაში გაჩნდა ტენდენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ალბანური ისტორიული საყრდენის ხელოვნურ შექმნას. ეს თეზისი სისტემურ სახეს 1960-1980-იან წლებში, ზია ბუნიადოვისა და ფარიდა მამედოვას ნაშრომებში იძენს. მის პოლიტიკურ ფუნქციაზე წერს ვიქტორ შნირელმანი (2001).

თუმცა, აკადემიური და მეცნიერული თვალსაზრისით, ალბანური იდენტობის მითვისება და მისი თანამედროვე პოლიტიკაში გადმოტანა უკიდურესად პრობლემური ცნებაა. უპირველეს ყოვლისა, ალბანური ენა მიეკუთვნება ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ლეზგიურ ქვეჯგუფს და მას არავითარი კავშირი არ აქვს თურქულ ენათა ჯგუფთან. მისი უახლოესი მემკვიდრე უდიური ენაა. ალბანური დამწერლობის კვლევის საკვანძო აღმოჩენები ქართველ მეცნიერებს უკავშირდება: ანბანი 1937 წელს ილია აბულაძემ გამოავლინა, ტექსტები კი სინას მთის ქართულ პალიმფსესტებში ზაზა ალექსიძემ აღმოაჩინა. ისტორიული ფაქტია, რომ კავკასიის ალბანეთის სახელმწიფოებრიობა განადგურდა საუკუნეებით ადრე, სანამ კავკასიაში თურქული ხალხი ინტენსიურად დასახლდებოდა (მიჰრანიდების უკიდურესად დასუსტებული დინასტია 822-823 წლებში დასრულდა, ოღუზ-სელჩუკთა რეგიონში მასობრივი შემოსვლა კი XI საუკუნეს უკავშირდება). სახელმწიფოებრიობის რღვევის შემდეგ, მონოფიზიტური მრწამსის მქონე ალბანელების ნაწილი სომხური ეკლესიისა და კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა. ალბანურ ეკლესიაში დიოფიზიტური ორიენტაცია ადრევე, კათალიკოს ნერსე ბაკურის (688-704) დროს გამოიკვეთა, თუმცა სომეხი კათალიკოსის მოთხოვნით არაბთა ხელისუფლებამ ნერსე დამასკოში გადაასახლა. რაც შეეხება დიოფიზიტური მრწამსის ალბანელების მცირე ნაწილს, ისინი საქართველოს სიღრმეში მიგრირდნენ და დღეს ჩვენ მათ უდიების სახით ვიცნობთ. 1922 წელს მართლმადიდებელი უდიების ჯგუფმა კახეთში სოფელი ზინობიანი დააარსა.

ამ ისტორიული მოცემულობის ფონზე, უმნიშვნელოვანესია ხაზი გაესვას ისტორიული ჰერეთის სტატუსს. ჰერეთი ყოველთვის წარმოადგენდა ქართული კულტურული, სულიერი და პოლიტიკური მიღწევების აკვანს. ჰერეთის მოსახლეობა საუბრობდა ქართულ ენაზე, ქმნიდა ქართულ იდენტობას და წარმოადგენდა აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულების საყრდენს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქართული პოლიტიკური კონტროლის პერიფერიას ქმნიდა, რის გამოც სამეზობლოსთან მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა - ხან კონფლიქტური და ხან სავაჭრო და კულტურული. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები დადასტურებულად არა ალბანური, არამედ ქართულია. ეს ტაძრები უმეტესწილად გაცილებით გვიან გაჩნდა და დაარსების დღიდან ყოველთვის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის იურისდიქციაში მოქმედებდნენ.

ის მცდელობა, რომ დღეს პოლიტიკური მოტივებით ხელახლა გაჩნდეს ე.წ. „ალბანური ეკლესია“, პირდაპირ ჰგავს თურქეთში მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ ექსპერიმენტს ერთი საუკუნის წინ. ათათურქი, პაპა ეფთიმის (პავლოს კარაჰისარიდისი) გამოყენებით, ცდილობდა შეექმნა „თურქეთის მართლმადიდებლური ავტოკეფალია“. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი გათვლა სწორედ ის იყო, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ბერძნულ ქრისტიანულ ძეგლებზე ოფიციალური პრეტენზია გამოეცხადებინა. 1923 წელს ეფთიმის მომხრეები მსოფლიო საპატრიარქოში შეიჭრნენ, 1924 წელს კი გალატის პანაგია კაფატიანის ტაძარი გამოაცხადეს ცენტრად. ეფთიმის საპატრიარქოს დღემდე არცერთი კანონიკური ეკლესია არ აღიარებს. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, რაც ქრისტიანული კანონიკით კატეგორიულად აკრძალული და ყოვლად დაუშვებელია - ეფესოს III მსოფლიო კრების მე-8 კანონი, რომელიც თითოეული ეკლესიის უძველეს იურისდიქციას იცავს.

ეროვნული ინტერესების დაცვა პირდაპირ გადის კულტურული საზღვრების დაცვაზე. შესაბამისად, ქართული ძეგლების მოვლა-პატრონობა აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოსთან. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ერთის მხრივ ქურმუხის ეკლესიისთვის, ხოლო მეორეს მხრივ საზღვრისპირა მონასტრებისთვის, მათ შორის ბერთუბნისთვის, სადაც XIII საუკუნის ფრესკაზე თამარ მეფე და გიორგი IV ლაშა არიან გამოსახულნი. ეს არის ერთადერთი სწორი და ცივილიზებული მიდგომა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ვენეციის ქარტიასთან, ICOMOS-ის სახელმძღვანელო პრინციპებთან და ფაროს კონვენციასთან. ვენეციის ქარტია (1964) აღდგენისას ორიგინალური მასალისა და ყველა ეპოქის შენატანის პატივისცემას მოითხოვს, ICOMOS-ის ენამის ქარტია (2008) ინტერპრეტაციას მეცნიერულად დადასტურებულ წყაროებზე აფუძნებს, ფაროს კონვენციის (2005) მე-7 მუხლი კი ერთსა და იმავე მემკვიდრეობაზე სხვადასხვა თემის განსხვავებული ხედვების დაახლოების მექანიზმებს ითვალისწინებს. მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დაცვით, ობიექტური აკადემიური მიდგომით და ისტორიული ჭეშმარიტების პატივისცემით არის შესაძლებელი ნამდვილი ურთიერთგაგების მიღწევა, რაც რეგიონში მნიშვნელოვანი და ორმხრივად სარგებლიანი იქნება.