ღირსება
ლექტორიუმის თითოეული წევრი პატივს სცემს სხვა წევრის ღირსებას, დამოუკიდებლად მისი პროფესიის, გამოცდილების, შეხედულებებისა თუ საზოგადოებრივი სტატუსისა.
კლუბის კულტურა
ლექტორიუმი არის დახურული საწევრო კლუბი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, ვისთვისაც ცოდნა, პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზროვნება და ერთმანეთის პატივისცემა წარმოადგენს ინტელექტუალური თანამშრომლობის საფუძველს.
კლუბის ეტიკეტი არ არის მხოლოდ ქცევის წესების ერთობლიობა. იგი გამოხატავს იმ კულტურას, რომელსაც თითოეული წევრი საკუთარი ქცევით ქმნის და იცავს.
ლექტორიუმის თითოეული წევრი პატივს სცემს სხვა წევრის ღირსებას, დამოუკიდებლად მისი პროფესიის, გამოცდილების, შეხედულებებისა თუ საზოგადოებრივი სტატუსისა.
კლუბში წახალისებულია თავისუფალი, არგუმენტირებული და კეთილსინდისიერი დისკუსია. განსხვავებული მოსაზრება განიხილება, როგორც ინტელექტუალური განვითარების აუცილებელი პირობა და არა დაპირისპირების საფუძველი.
კრიტიკა მიმართულია იდეისკენ და არა პიროვნებისკენ.
შეურაცხყოფა, ირონია, დამცირება, აგრესიული რიტორიკა და ნებისმიერი ფორმის პერსონალური თავდასხმა შეუთავსებელია ლექტორიუმის კულტურასთან.
ლექტორიუმი ხელმძღვანელობს Chatham House Rule-ით.
წევრს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს შეხვედრაზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია, თუმცა ვალდებულია არ გაამჟღავნოს გამომსვლელის ან მონაწილის ვინაობა, თუ ამის შესახებ მათი თანხმობა არ არსებობს.
თავისუფალი მსჯელობა ნდობაზე დგას.
ლექტორიუმში მოსმენა ისეთივე ღირებულია, როგორც საუბარი.
წევრი საშუალებას აძლევს სხვას სრულად გამოხატოს საკუთარი აზრი და არ აწყვეტინებს მას, გარდა დისკუსიის მოდერატორის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
წევრი პატივს სცემს ფაქტს, წყაროსა და არგუმენტს.
შეგნებულად მცდარი ინფორმაციის გავრცელება, სხვისი ინტელექტუალური შრომის მითვისება ან ციტირების ეთიკის დარღვევა შეუთავსებელია კლუბის პრინციპებთან.
კლუბში მიღებულია თავაზიანი, კორექტული და ღირსეული ურთიერთობა როგორც წევრებს შორის, ისე მოწვეულ სტუმრებთან, სპიკერებთან, პარტნიორებსა და მომსახურე პერსონალთან.
სტუმარი კლუბის განსაკუთრებული პატივია.
მისი მოწვევის ინიციატორი წევრი პასუხისმგებელია სტუმრისთვის კლუბის კულტურის, წესებისა და Chatham House-ის პრინციპების გაცნობაზე.
ლექტორიუმის თითოეული წევრი აცნობიერებს, რომ საკუთარი ქცევით იგი წარმოადგენს კლუბს.
კლუბის სახელის გამოყენება პირადი, პოლიტიკური, კომერციული ან სხვა ინტერესებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგება მის მიზნებსა და რეპუტაციას, დაუშვებელია.
ლექტორიუმი არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, სახელმწიფო ინსტიტუტის, ბიზნესის, მედიის, რელიგიური თუ სხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლობით პლატფორმას.
დისკუსიები ეფუძნება დამოუკიდებელ, კრიტიკულ და არგუმენტირებულ მსჯელობას.
კლუბის წევრობა ეფუძნება ნდობას.
თუ წევრის ქცევა არსებითად ეწინააღმდეგება ლექტორიუმის ღირებულებებსა და ეტიკეტს, კლუბს უფლება აქვს გადახედოს მისი წევრობის საკითხს.
ლექტორიუმში მთავარი ღირებულება არ არის შეთანხმება.
მთავარი ღირებულებაა ერთმანეთის პატივისცემით წარმართული თავისუფალი აზრის გაცვლა, რომლის მიზანია უკეთ გავიგოთ ადამიანები, საზოგადოება, სახელმწიფო და მომავალი.
ლექტორიუმის ეტიკეტი სწორედ ამ კულტურის დაცვის საერთო ვალდებულებაა.