ანალიზი
საქართველოს ენერგოსექტორი: პოტენციალი, დამოკიდებულება და დიდი პროექტების ბედი

საქართველოს ენერგეტიკაზე საუბარი ჩემთვის მხოლოდ პროფესიული საკითხი არ არის. განათლებით არქეოლოგი ვარ, მაგრამ 1990-იანი წლების ბოლოს ბიზნესში დავიწყე მუშაობა და ენერგეტიკასთან პირველი შეხებაც მაშინ მქონდა, როდესაც ჩვენი კომპანია თელასის კონტრაქტორი იყო. მოგვიანებით საკონსულტაციო და უძრავი ქონების სფეროებში ვიმუშავე. 2012 წლის ბოლოს ნამახვანჰესის პროექტში ჩავერთე. პროექტს რამდენიმე წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი, შემდეგ კი დავაფუძნე კომპანია Energy Solutions. 2017 წელს შეიქმნა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია, GREDA, რომლის თავმჯდომარეც ვარ.
ნამახვანჰესზე მუშაობამ საშუალება მომცა, დიდი ენერგეტიკული პროექტი ტექნიკური, ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შემესწავლა. სწორედ ამ გამოცდილებიდან ვუყურებ დღევანდელ დავასაც. საქართველოს სჭირდება მეტი ადგილობრივი გენერაცია, მაგრამ პროექტის აუცილებლობა არ აუქმებს გარემოს დაცვის, უსაფრთხოების, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებისა და მკაცრი ზედამხედველობის მოთხოვნას. მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, უნდა ავაშენოთ თუ არა. უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება, როგორ ვაშენებთ და როგორ ვამცირებთ ზემოქმედებას.
რას გვიჩვენებს დღევანდელი ენერგობალანსი
საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დაახლოებით 4.7 გვტ დადგმული სიმძლავრეა. ჰიდროენერგეტიკას მთავარი ადგილი უჭირავს: დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 73 პროცენტი ჰესებზე მოდის, დაახლოებით მეოთხედი კი თბოელექტროსადგურებზე. ქარისა და მზის წილი ჯერ მცირეა. ეს პროპორციები წლიდან წლამდე და ჰიდროლოგიური პირობების მიხედვით იცვლება, თუმცა სისტემის ძირითადი სტრუქტურა უცვლელია: საქართველო ჰიდრორესურსზეა დაფუძნებული, ხოლო დეფიციტის დასაფარად თბოგენერაციასა და იმპორტს იყენებს.

თბოელექტროსადგურები ადგილობრივ გენერაციად ითვლება, მაგრამ მათთვის საჭირო ბუნებრივი აირი იმპორტირებულია. თუ პირდაპირ იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და იმპორტირებულ გაზზე გამომუშავებულ ენერგიას ერთად განვიხილავთ, წლის ჭრილში გარე წყაროებზე დამოკიდებულება დაახლოებით 40 პროცენტს აღწევს. აქედან დაახლოებით 15 პროცენტი უშუალოდ ელექტროენერგიის იმპორტია, დაახლოებით 25 პროცენტი კი იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურების გენერაცია.
ეს მაჩვენებელი საშუალო წლიურ სურათს აღწერს და სეზონურ პრობლემას ბოლომდე ვერ აჩვენებს. ზამთარში მდინარეებში წყლის მოცულობა იკლებს და ჰესების გამომუშავება მცირდება. ასეთ თვეებში გარე წყაროებზე დამოკიდებულება ზოგჯერ 50-60 პროცენტამდე იზრდება. რამდენიმე წლის წინ ჭარბი ადგილობრივი ენერგია მაისიდან აგვისტომდე გვქონდა. მოხმარების ზრდისა და ზაფხულის ტურისტული დატვირთვის გამო, ივლისსა და აგვისტოშიც დეფიციტი გაჩნდა. ფაქტობრივად, ჭარბი ენერგიის პერიოდი ორ თვემდე, მაისსა და ივნისამდე შემცირდა.

ეს ტენდენცია ერთ მთავარ პრობლემას აჩვენებს: გენერაცია მოხმარებას ვერ ეწევა. პროგნოზის მიხედვით, თუ მოხმარება ახლანდელი ტემპით გაიზრდება და ახალი სიმძლავრეები შესაბამისი სისწრაფით არ დაემატება, 2030 წლისთვის საქართველო მთელი წლის განმავლობაში დეფიციტურ ქვეყნად შეიძლება იქცეს. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა უკვე მთელ წელზე გადავა.
2025 წელს ელექტროენერგიის მიწოდებამ დაახლოებით 15.4 ტვტ.სთ შეადგინა, ადგილობრივმა გენერაციამ კი 13.8 ტვტ.სთ. იმპორტმა დაახლოებით 1.6 ტვტ.სთ-ს მიაღწია და მისი ღირებულება 47.8 მილიონი აშშ დოლარი იყო. მთავარი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანი არიან. უფრო მცირე მოცულობა შეიძლება შემოვიდეს სომხეთიდან ან თურქეთიდან, თუმცა თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგია ხშირად უფრო ძვირია.

იმპორტის საშუალო ფასი ხშირად ადგილობრივ გენერაციაზე იაფად გამოიყურება, მაგრამ საშუალო წლიური ფასი პიკურ პერიოდებს ფარავს. ზამთარში და მაღალი მოთხოვნის საათებში ფასი მნიშვნელოვნად იზრდება და ზოგჯერ კვტ.სთ-ზე 10 აშშ ცენტსაც უახლოვდება. ამას ემატება პოლიტიკური რისკი. ელექტროენერგია ჩვეულებრივი იმპორტირებული საქონელი არ არის: ფეხსაცმლის ან სხვა პროდუქტისგან განსხვავებით, მისი ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოტანა შეუძლებელია. საქართველო ფიზიკურად მხოლოდ მეზობელ სისტემებთანაა დაკავშირებული და გადამცემი ხაზების შესაძლებლობაც შეზღუდულია. თუ მომწოდებელი ენერგეტიკას პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს, ბაზრის ჩვეულებრივი ლოგიკა აღარ მუშაობს.
აუთვისებელი რესურსი და ევროპასთან კავშირი
Galt & Taggart-ის შეფასებით, საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის დაახლოებით 20 პროცენტი აქვს ათვისებული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას შეუძლია არა მხოლოდ მომავალი შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ საკუთარი მოხმარების გაორმაგებული ოდენობის მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტიც. ამ შესაძლებლობას განსაკუთრებით ზრდის ევროპაში სუფთა ენერგიაზე მოთხოვნა და წარმოების ნახშირბადულ კვალთან დაკავშირებული ახალი წესები.

პოტენციალის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია. ეს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხია, მაგრამ ინვესტორისთვის პროექტის უკუგების ვადას ზრდის. ბოლო წლებში მშენებლობისა და ტექნოლოგიების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთ-ერთ პროექტში, რომელშიც ამერიკელ და ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, საკუთარი კაპიტალის დაბრუნების ვადა დაახლოებით 16-17 წელია. ასეთი ხანგრძლივი ჰორიზონტი განსაკუთრებით რთულია ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური რისკი მაღალია.
საქართველოსთვის სტრატეგიული შესაძლებლობაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. პროექტი სამხრეთ კავკასიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დააკავშირებს. პრეზენტაციის მომზადების დროისთვის განიხილებოდა დაახლოებით 1,000-1,500 მგვტ სიმძლავრე და თითქმის 1,200 კილომეტრის სიგრძე. თუ საქართველო განახლებადი ენერგიის პოტენციალს აითვისებს, კაბელი ევროპულ ბაზარზე გასვლის პირდაპირ საშუალებას შექმნის. ჩემთვის ეს პროექტი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის; ის ევროპის ენერგეტიკულ სივრცესთან პირველი ფიზიკური კავშირია.

ევროპაში მწვანე ენერგიას დამატებითი ღირებულება აქვს. საწარმოს ნახშირბადული კვალი მის საგადასახადო და სავაჭრო პირობებზე სულ უფრო მეტად მოქმედებს. განახლებადი წყაროდან მიღებული ელექტროენერგია თავიდან გვაცილებს თბოსადგურის მიერ სათბურის აირების გამოყოფას. ამიტომ ჰესის გარემოსდაცვითი შეფასება მხოლოდ მშენებლობის ადგილობრივ ზემოქმედებას არ უნდა ითვლიდეს. საჭიროა სრული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, სადაც ჩაითვლება მშენებლობისას წარმოქმნილი ზიანი და ის ემისიებიც, რომლებსაც პროექტი შემდგომში აგვაცილებს.
ენერგოუსაფრთხოება და გადამცემი ქსელი
იმპორტს ფიზიკური ზღვარიც აქვს. საქართველოს რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან დამაკავშირებელი გადამცემი ხაზები გააჩნია, მაგრამ მათი გამტარუნარიანობა უსასრულო არ არის. თუ ეკონომიკა და მოხმარება გაიზრდება, ხოლო ადგილობრივი გენერაცია ვერ დაეწევა, შეიძლება ისეთი ეტაპი დადგეს, როდესაც საჭირო ელექტროენერგიის შემოტანას ხაზების სიმძლავრეც აღარ ეყოფა.

ამიტომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სრულ იზოლაციას არ ნიშნავს. ძლიერი სისტემა მეზობლებთან ვაჭრობასაც იყენებს, მაგრამ საკუთარ საბაზისო და სარეზერვო შესაძლებლობას ინარჩუნებს. ქვეყანას სჭირდება გენერაციის მრავალფეროვანი წყაროები, საიმედო ქსელი და საკმარისი რეზერვი, რათა ერთმა ავარიამ, ფასის ნახტომმა ან პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ სისტემური პრობლემა არ შექმნას.
რატომ ჩერდება პროექტები
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 88 ენერგეტიკული პროექტი იყო შეჩერებული. მათგან 62 პროცენტის მთავარი მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობისა და თემის პროტესტი გახდა. 17 პროცენტი ხელშეწყობის მექანიზმების პრობლემას უკავშირდებოდა, დანარჩენი 21 პროცენტი კი მიწის რეგისტრაციას, ნებართვებს, პანდემიას და სხვა ფაქტორებს. შეჩერებული პროექტების უმრავლესობა ჰესები იყო. GREDA-ს იმდროინდელი შეფასებით, არასათანადო კომუნიკაციისა და პროტესტის შედეგად ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია გაჩერდა.

ამ მონაცემის სწორად წაკითხვა მნიშვნელოვანია. პროტესტის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ცდება ან პროექტი აუცილებლად უნდა აშენდეს. წინააღმდეგობა ხშირად ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანებს გადაწყვეტილებაში გვიან რთავენ, კვლევებს არ ენდობიან ან ვერ ხედავენ, რა რჩება ადგილობრივ ეკონომიკაში. სახელმწიფომ და ბიზნესმა პროექტის ახსნა მხოლოდ მშენებლობის დაწყების შემდეგ არ უნდა დაიწყონ. კვლევა, კომუნიკაცია და თანამონაწილეობა პროექტის დიეს ჩასახვიდან არის საჭირო.
ამავე დროს, ლოზუნგი ტექნიკურ შეფასებას ვერ შეცვლის. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა რისკი არსებობს, როგორ ფასდება იგი, ვინ აკონტროლებს მშენებლობას და რა მოხდება დარღვევის შემთხვევაში. გარემოს დაცვის ვალდებულება მხოლოდ დოკუმენტში არ უნდა დარჩეს. ზედამხედველობა და მონიტორინგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებართვის გაცემა.
ნამახვანჰესი: ხანგრძლივი ისტორია და შეცვლილი პროექტი
ნამახვანჰესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად შესწავლილი ინფრასტრუქტურული პროექტია. მდინარე რიონის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების პირველი სქემები XX საუკუნის 1930-იან წლებში გაჩნდა. პროექტის აქტიური ტექნიკური დამუშავება 1960-70-იან წლებში გაგრძელდა, ხოლო 1985 წელს დამტკიცდა 500 მგვტ სიმძლავრისა და 161 მეტრის სიმაღლის თაღოვანი კაშხლის საბჭოთა ვერსია. საბჭოთა კავშირის დაშლისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო პროექტი ვერ განხორციელდა.
2010-იან წლებში პროექტი თავიდან განიხილეს. პოლონურმა კომპანია Hydroprojekt-მა ტექნიკური რევიზია ჩაატარა, მოგვიანებით კი იტალიურმა Studio Pietrangeli-მ უფრო მასშტაბური სქემა ორსაფეხურიან კასკადად გადაამუშავა უკვე ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. ამ ცვლილებით ერთ-ერთი კაშხალი გაუქმდა, შემცირდა დატბორვისა და ზემოქმედების არეალი, თუმცა შემცირდა გამომუშავებაც. ასევე ამ პერიოდში მშენებლობასთან დაკავშირებული ძველი პროცესი გავაჩერეთ და მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკება ახალი წესით დავიწყეთ.

განახლებული პროექტი ორი ჰესისგან შედგებოდა. საერთო დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ იყო, საშუალო წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 1.5 მილიარდ კვტ.სთ-ს აღწევდა. ქვემო ნამახვანის წყალსაცავის ფართობი დაახლოებით 5.1 კმ² უნდა ყოფილიყო, ზემო ნამახვანის კი დაახლოებით 1 კმ². პროექტის არეალი სოფელ ალპანასა და ჟონეთს შორის იყო განთავსებული.
გეოლოგიური შესწავლის საკითხი პროტესტის დროს ერთ-ერთ მთავარ კამათად იქცა. პროექტის არქივებში საბჭოთა პერიოდში შესრულებული 925 ჭაბურღილი იყო აღწერილი. განახლებული დიზაინისთვის კიდევ დაახლოებით 50 ჭაბურღილი გაკეთდა. ჩემი შეფასებით, ასეთი მოცულობის გეოლოგიური მასალა საქართველოში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს იშვიათად აქვს.
2017 წელს ინვესტორი აუქციონის გზით შეირჩა. ENKA Renewables-მა პროექტში 50-პროცენტიანი წილი მიიღო, ნორვეგიულმა კომპანია Clean Energy Group-მაც შესაბამისად მეორე 50 პროცენტი. თუმც შემდეგ ეს პროცენტები გადანაწილდა 90-10 პროცენტზე თურქების სასარგებლოდ. მთავრობასთან კი საბოლოო კონტრაქტი მხოლოდ 2019 წელს გაფორმდა, ორ წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა კონტრაქტზე მოლაპარაკება, საქარელოს მთავრობა ბოლომდე ცდილობდა თავისი პოზიციების დაცვას, ბოლოს სანამ ოფისი არ დახურეს ფორმალურად ენკას წარმომადგენლებმა და ქვეყნიდან გასვლა არ გადაწყვიტეს, მანამდე შეთანხმება ვერ მოხერხდა. პროექტზე მუშაობდნენ დარგის ლიდერი საერთაშორისო საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანიები. ტენდერში გამარჯვებული ტარიფი კვტ.სთ-ზე 6.2 აშშ ცენტი იყო, ხოლო მომდევნო შეთავაზება ტენდერის დაახლოებით 7.9 ცენტს აღწევდა. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული შესყიდვა 15 წლით და მხოლოდ დეფიციტური რვა თვისთვის იყო გათვალისწინებული. დანარჩენ პერიოდში კომპანიას ენერგია თავისუფალ ბაზარზე უნდა გაეყიდა.

ნამახვანჰესის დაგეგმილი წლიური გამომუშავება თითქმის ემთხვეოდა 2022 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობას. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ერთი პროექტი ქვეყნის ყველა პრობლემას გადაწყვეტდა, მაგრამ კარგად აჩვენებს მის მასშტაბს და იმ შესაძლებლობას, რომელიც სისტემამ დაკარგა.
ჰიდრო, მზე თუ ქარი
განახლებადი ენერგიის წყაროები ერთმანეთის კონკურენტები მხოლოდ ნაწილობრივ არიან. საქართველოს სჭირდება ჰიდროენერგიაც, მზეც და ქარიც. თუმცა მზე და ქარი თვლება ეგრეთ წოდებულ ცვალებად ენერგიათ და მათი აშენება საკმარისი რაოდენობის დამაბალანსებელი რეზერვუარიანი ჰიდრო ელექტრო სადგურების გარეშე შეუძლებელია. ასევე ერთი და იგივე წლიური გამომუშავების მისაღებად მათ განსხვავებული მიწა, ინვესტიცია და ინფრასტრუქტურა სჭირდებათ. პრეზენტაციაში შედარების ერთეულად აღებული იყო 1,500 გვტ.სთ, ნამახვანჰესის დაგეგმილი წლიური გამომუშავება.

ამ მოცულობის ენერგიის მისაღებად ნამახვანჰესის პროექტს დაახლოებით 800 ჰექტარი სჭირდებოდა. ანალოგიური გამომუშავების მზის სადგურებისთვის დაახლოებით 2,300 ჰექტარი იქნებოდა საჭირო, ქარის სადგურებისთვის კი დაახლოებით 10,000 ჰექტარი. პრეზენტაციაში გამოყენებული იმდროინდელი შეფასებით, ჰიდროპროექტის ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარი იყო, მზის ეკვივალენტი დაახლოებით 1.725 მილიარდი, ქარის კი დაახლოებით 1.3 მილიარდი.
განსხვავებულია ექსპლუატაციის ვადაც. ჰესმა შეიძლება საუკუნეზე მეტხანს იმუშაოს; საქართველოში ზაჰესი, რომელიც 1927 წელს აშენდა ამ შესაძლებლობას პრაქტიკულად გვაჩვენებს. მზის სადგურის საანგარიშო ვადა დაახლოებით 30-40 წელია, ქარის ტურბინების კი დაახლოებით 20-25 წელი. ეს არ ამცირებს მზისა და ქარის მნიშვნელობას. შედარება მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ სისტემის დაგეგმვისას მიწა, ფასი, მუშაობის ხანგრძლივობა, სეზონურობა და ქსელის მოთხოვნები ერთად უნდა განვიხილოთ.
გარემოს დაცვა, ნდობა და ინფორმაციის ბრძოლა
ენერგეტიკულ პროექტებზე კამათი ხშირად ორი უკიდურესობით ვითარდება. ერთი მხარე ეკონომიკურ სარგებელს ხედავს და გარემოსდაცვით კითხვებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. მეორე მხარე ნებისმიერი მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის და რისკს უკვე მომხდარ კატასტროფად წარმოადგენს. ორივე მიდგომა არასწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს.
ყველა გარემოსდაცვით ორგანიზაციას ერთ ჯგუფად არ ვაერთიანებ. ბევრი მათგანი რეალურ კვლევებზე და ანალიზე დაყრდნობით ცდილობს რომ სწორი და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარების ხარჯზე მინიმიზაცია გაუკეთოს ინფრატრუქტურული პროექტების განხორციელებისგან მიყენებულ გარემოზე ზიანს, რაც ძალიან ჯანსაღი მიდგომაა.პრობლემა იწყება იქ, სადაც კვლევას ლოზუნგი ცვლის და პასუხად მხოლოდ „არ ავაშენოთ“ გვესმის. კონსტრუქციული კითხვა უნდა იყოს, როგორ ავაშენოთ უკეთ, რა უნდა შეიცვალოს დიზაინში და რომელი შემარბილებელი ღონისძიებებია აუცილებელი.
ჩემი შეფასებით, ენერგეტიკულ თემაზე გავრცელებული ზოგი კამპანია საქართველოს გარე დამოკიდებულებას აძლიერებს. რუსეთს ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და ჰიბრიდულ ზეწოლაში საინფორმაციო გარემოსაც იყენებს საკმაოდ წარმატებით. ეს მოსაზრება ყველა პროტესტს გარედან მართულ პროცესად არ აქცევს. ადგილობრივი უნდობლობა ხშირად სახელმწიფოსა და ბიზნესის შეცდომებით არის შექმნილი. სწორედ ამიტომ გამჭვირვალობა, დროული კომუნიკაცია და მკაცრი ზედამხედველობა ენერგოუსაფრთხოებისთვის საჭირო პროექტების განხორციელების საწინდარია.
მითები ნამახვანჰესის გარშემო
ნამახვანჰესის წინააღმდეგ კამპანია სრულიად ტექნიკურ, თუ ფინანსურ მითებზე იყო დაფუძნებული, რაც ეხმარებოდა, რომ საკითხები ემოციური და დრამატული ფორმით ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. სამწუხაროდ მათი დეკონსტრუირება ბევრად უფრო შრომატევადი პროცესია, სადაც მტკიცებები უნდა შემოწმდეს პროექტის დიზაინით, ჰიდროლოგიური და სეისმური მოდელებით, გარემოზე ზემოქმედების კვლევითა და მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად ვიღებთ შიშებზე დამყარებულ კომუნიკაციას სადაც საღი აზრი სამწუხაროდ მარცხდება. ქვემოთ სულ რამოდენიმე მაგალითს წარმოგიდგენთ:
„კაშხლის დანგრევის შემთხვევაში 34-მეტრიანი ტალღა ქუთაისს წალეკავს“
პროექტში გათვალისწინებული იყო ბეტონის გრავიტაციული კაშხალი, რომელიც წყლის დაწოლას საკუთარი მასით აბალანსებს. მისი უსაფრთხოება გეოლოგიური, სეისმური და ჰიდროლოგიური კვლევებით ფასდება. წყალსაცავიდან წყალი ერთიან კედლად, ზღვის ცუნამის მსგავსად არ გადაადგილდება. ნაკადის გავრცელებაზე მოქმედებს ხეობის რელიეფი, სიგანე, წყლის მოცულობა და მართვის რეჟიმი. კატასტროფული სცენარის შეფასება აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ემოციური ფორმულა რეალურ მოდელირებას ვერ შეცვლის.

„ჰესის აშენებით შავი ზღვის ზუთხი გადაშენდება“
საპროექტო მონაკვეთის ზედა და ქვედა ნაწილებში უკვე არსებობდა კაშხლები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში თევზსავალი არ გაუკეთეს. შესაბამისად, შავი ზღვის ზუთხი ამ მონაკვეთში ბუნებრივად ვეღარ ხვდებოდა უკვე ათეულობით წელია. ეს არ ნიშნავს, რომ წყლის ეკოსისტემაზე ზემოქმედება უმნიშვნელოა. პროექტმა ადგილობრივი სახეობები, წყლის ხარისხი და ეკოლოგიური ხარჯი მაინც უნდა შეაფასოს. კონკრეტულად ზუთხის შესახებ გავრცელებული მტკიცება კი არსებულ ინფრასტრუქტურულ რეალობას არ ითვალისწინებდა.

„მდინარე დაშრება და სასმელი თუ სარწყავი წყალი აღარ იქნება“
ჰესი წყალს საწარმოს ან სარწყავი სისტემის მსგავსად არ მოიხმარს. წყალი ტურბინაში გადის და მდინარეს უბრუნდება. წყალსაცავიანი ჰესი ჩამონადენს სეზონურად არეგულირებს. პროექტირებისას ცალკე უნდა შეფასდეს ეკოლოგიური ხარჯი, ადგილობრივი წყალმომხმარებლების საჭიროება და მდინარის მინიმალური ჩამონადენი. ამიტომ საკითხის სწორი ფორმაა არა „წყალი გაქრება“, არამედ რა მოცულობის წყალი უნდა დარჩეს კალაპოტში და როგორ გაკონტროლდება ეს ვალდებულება.

„უცხოური კომპანიის მიერ გამომუშავებული ენერგია საქართველოს არ მოხმარდება“
ელექტროენერგიის გადაცემა და ექსპორტი ქართული კანონმდებლობით რეგულირდება. დეფიციტურ პერიოდში (რომელიც ამჟამად უკვე 10 თვეა წელიწადში) არცერთ კომპანიას ენერგიის ქვეყნიდან გატანა არ შეუძლია. ნამახვანჰესის ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ ენერგიის შესყიდვას იმ თვეებში, როდესაც ქვეყანას დეფიციტი ჰქონდა. ჭარბი ენერგიის პერიოდში ექსპორტი პრობლემა კი არა, ეკონომიკური შესაძლებლობაა, რადგან ის ქვეყანას შემოსავალს აძლევს და ახალი გენერაციის განვითარებას უწყობს ხელს.

არჩევანი, რომელიც ქვეყანამ უნდა გააკეთოს
საქართველოს ენერგეტიკული არჩევანი მხოლოდ ერთი ჰესის აშენებას ან არშენებას არ ეხება. საკითხი ბევრად ფართოა: გვინდა თუ არა ეკონომიკა, რომელსაც საკმარისი, საიმედო და კონკურენტული მწვანე ენერგია ექნება; რამდენად მისაღებია ზამთარში 50-60-პროცენტიანი დამოკიდებულება მეზობლებზე; როგორ დავიცავთ გარემოს და როგორ გადავუნაწილებთ პროექტის სარგებელს ადგილობრივ მოსახლეობას.
ახალი პროექტები მაღალი დასავლური სტანდარტებით უნდა მომზადდეს. საჭიროა პირველივე ეტაპიდან დიალოგი ადგილობრივ თემთან, თანმიმდევრული კომუნიკაცია, გამჭირვალე ხელშეკრულებები და რეალური მონიტორინგი. დარღვევაზე კომპანიამ პასუხი უნდა აგოს, ხოლო საზოგადოებას კვლევებსა და მონიტორინგის შედეგებზე წვდომა უნდა ჰქონდეს. ამავე დროს, სახელმწიფო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, განსაზღვროს ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული მოთხოვნა და შექმნას პირობები იმ ინვესტიციისთვის, რომლის შედეგსაც ათწლეულების შემდეგ მივიღებთ.
ენერგეტიკაში დაკარგული დრო სწრაფად არ ანაზღაურდება. სადგურის კვლევას, შეთანხმებას, დაფინანსებასა და მშენებლობას წლები სჭირდება. ამიტომ გადაწყვეტილება მაშინ უნდა მივიღოთ, სანამ დეფიციტი სისტემურ კრიზისად იქცევა. საქართველო არის ძალიან მდიდარი ქვეყანაა ჰიდრო რესურსებით და ასევე გააჩნია ევროპულ ბაზართან დაკავშირების პერსპექტივა. მთავარი ამოცანაა, ეს რესურსი უსაფრთხო, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის სასარგებლო განვითარებად ვაქციოთ.
მოხსენების ვიდეო: ლექტორიუმის მესამე შეხვედრა, 03:00-37:00
ვიზუალური მასალა: გიორგი აბრამიშვილის პრეზენტაცია „საქართველოს ენერგო სექტორის პოტენციალი და გამოწვევები: მითები VS რეალობა“, GREDA, 2026.
