EST.MMXXVI
LECTORIVMSODALITAS SELECTAArgumentum, non auctoritas.
ყველა ღონისძიება

· ჩატარებული

ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრა: საქართველო და აზერბაიჯანი — სტრატეგიული პარტნიორობა შეცვლილ სამხრეთ კავკასიაში

ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრა — 2 ოქტომბრის დისკუსიის საერთო ხედი© LECTORIVM
ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრა — 2 ოქტომბრის დისკუსიის საერთო ხედი

ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრა საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობას მიეძღვნა. დისკუსიის უშუალო საბაბი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვეთრი განცხადება და ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის ტაძრის გარშემო განახლებული დავა გახდა. თუმცა საუბარი მალე გასცდა ერთ დიპლომატიურ ეპიზოდს. მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეცვალა ყარაბაღის მეორე ომმა სამხრეთ კავკასიაში ძალთა თანაფარდობა, როგორ იყენებს სახელმწიფო ისტორიულ და რელიგიურ ნარატივებს პოლიტიკური გავლენის გასამყარებლად და რა უნდა გააკეთოს საქართველომ, როდესაც მისი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში უფრო ძლიერი და თავდაჯერებული მოთამაშე ხდება.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მრავალი წელია უსაფრთხოების, ენერგომომარაგებისა და სატრანზიტო კავშირების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. სწორედ ამიტომ შეხვედრის მიზანი პარტნიორობის უარყოფა ან ახალი დაპირისპირების ხაზის გავლება არ ყოფილა. მთავარი კითხვა უფრო რთულად ჩამოყალიბდა: როგორ შეინარჩუნოს საქართველომ კეთილმეზობლური ურთიერთობა და, ამავე დროს, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, ენერგეტიკული და სატრანზიტო ინტერესები, საზღვართან დაკავშირებული პოზიციები და საკუთარი პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება.

შეხვედრა თორნიკე შარაშენიძემ გახსნა და გაუძღვა. მთავარი მომხსენებლები იყვნენ გიორგი კობერიძე, შორენა ლორთქიფანიძე და მამუკა მახათაძე. მოხსენებების შემდეგ დისკუსიაში ჩაერთნენ ივლიანე ხაინდრავა, პაატა ცაგარეიშვილი, გიორგი ხარაბაძე, კატო ჭავჭანიძე, გურამ ნიკოლაშვილი და სხვა მონაწილეები.

ისტორია, რომელიც პოლიტიკურ აწმყოდ იქცევა

გიორგი კობერიძემ საუბარი აზერბაიჯანული იდენტობის ჩამოყალიბების ისტორიული გზებით დაიწყო. მან ერთმანეთისგან გამოყო საბჭოთა, თურქულ-თურანული და კავკასიურ-ალბანური იდენტობის ხაზები და აჩვენა, რომ თითოეულ მათგანს კულტურულ მნიშვნელობასთან ერთად პოლიტიკური ფუნქციაც აქვს. როდესაც სახელმწიფო საკუთარ წარმომავლობასა და მემკვიდრეობას განსაზღვრავს, ის მხოლოდ წარსულს არ აღწერს — ამავე დროს აყალიბებს თანამედროვე ინტერესების ენას, ადგენს სიმბოლურ საზღვრებს და მეზობლებთან ურთიერთობისთვის არგუმენტებს ქმნის.

„ბალკანეთში ამბობენ, რომ თქვენთვის ისტორია შეიძლება ძალიან დიდი ხნის წინ მომხდარი ამბავი იყოს, ჩვენთვის კი — გუშინდელი დღე. კავკასიაში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ისტორია ჩვენთვის დღევანდელი დღეა. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ეძებდა იდენტობას. იდენტობა თავისთავად არსებული და ერთხელ ჩამოყალიბებული მოცემულობა არ არის; მას გეოპოლიტიკური წონა და პოლიტიკური ფორმულა უმაგრებს ზურგს.“

— გიორგი კობერიძე

ამ კონტექსტში მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება კავკასიის ალბანეთის მემკვიდრეობას დაუთმო. მისი შეფასებით, ისტორიული ალბანეთის საკითხი დღეს მხოლოდ სამეცნიერო კამათი აღარ არის. ძეგლების „ალბანურად“ გამოცხადება, დამოუკიდებელი საეკლესიო მემკვიდრეობის იდეა და ამ ნარატივის გავრცელება აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს, საკუთარი კულტურული გავლენის არეალი თანამედროვე საზღვრებს მიღმაც წარმოაჩინოს. ამიტომ ქურმუხისა და ჰერეთის საკითხი დავითგარეჯის დავისგან განცალკევებით ვერ განიხილება: ორივე შემთხვევაში ისტორიული ინტერპრეტაცია პირდაპირ უკავშირდება დღევანდელ სახელმწიფოებრივ ინტერესს.

გიორგი კობერიძემ ირედენტიზმის საფრთხეზეც ისაუბრა. მისი თქმით, მეზობელ სახელმწიფოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის ისტორიული სამშობლოს ნაწილად წარმოდგენა ადვილად ხსნის „პანდორას ყუთს“ — განსაკუთრებით რეგიონში, სადაც მოსახლეობის გადაადგილება, იმპერიების ცვლა და საზღვრების მრავალჯერ გადაწერა საერთო ისტორიის ნაწილია. ამიტომ ისტორიის პასუხად სხვა ისტორიული მითის შექმნა გამოსავალი ვერ იქნება. საქართველოს სჭირდება ზუსტი კვლევა, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში აქტიური მუშაობა და საკუთარი მემკვიდრეობის დაცვა ისე, რომ პოლიტიკური კამათი ეთნიკურ დაპირისპირებად არ გადაიქცეს.

აზერბაიჯანი როგორც ხიდი და საშუალო ძალა

შორენა ლორთქიფანიძემ აზერბაიჯანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მოქცეულ „ხიდის სახელმწიფოდ“ წარმოადგინა. ამ სახეს საფუძველი აქვს როგორც კულტურაში — ევროპული ფორმისა და აღმოსავლური ტრადიციის შერწყმაში — ისე თანამედროვე საგარეო პოლიტიკაში. აზერბაიჯანი ცდილობს, უსაფრთხოების რომელიმე ერთ ბლოკს სრულად არ მიეკუთვნოს, შეინარჩუნოს ურთიერთობა თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, ჩინეთსა და ევროპასთან და საკუთარი ენერგორესურსები და სატრანზიტო მდებარეობა დამოუკიდებელ პოლიტიკურ გავლენად გარდაქმნას.

მისი შეფასებით, ბაქო უკვე მხოლოდ ენერგომომწოდებლის როლით აღარ კმაყოფილდება. ის საკუთარ თავს საშუალო ძალად ხედავს, რომელიც დიდ სახელმწიფოებს თანასწორი ინტერესებით ესაუბრება, რეგიონულ დერეფნებში ლიდერობას ცდილობს და სხვადასხვა იდენტობას — სეკულარულს, მუსლიმურს, თურქულსა და კავკასიურს — გარემოების შესაბამისად იყენებს. ამ მრავალშრიან პოლიტიკას რესურსი და სტრატეგიული ხედვა ამაგრებს.

„აზერბაიჯანის პოლიტიკაში ჩანს ხიდის სახელმწიფოსა და უკვე საშუალო ძალის ხედვა — ქვეყნისა, რომელიც დიდ საერთაშორისო აქტორებთან თანასწორ ურთიერთობაში ჩართვას ცდილობს. მისი მთავარი ინსტრუმენტები ენერგორესურსები და დერეფნებია, მაგრამ ამ ინსტრუმენტებს პოლიტიკური ხედვაც ამაგრებს. საქართველოს უპირატესობა ამ კონკურენციაში მისი გახსნილობა იყო. თუ ამაზე უარს ვიტყვით, სხვა გზით აზერბაიჯანთან კონკურენციის მოგება ძალიან გაგვიჭირდება.“

— შორენა ლორთქიფანიძე

შორენა ლორთქიფანიძემ საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობის ორმაგ ბუნებას გაუსვა ხაზი. ერთი მხრივ, ქვეყნებს ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტრანზიტი და მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ; მეორე მხრივ, გაურკვეველია, შეიძლება თუ არა ამ კავშირებზე უფრო ფართო სამხრეთკავკასიური თანამშრომლობის აგება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამოქალაქო და საექსპერტო კონტაქტების შემცირება, დახურული პოლიტიკური სისტემები და ურთიერთუნდობლობა რეგიონულ დიალოგს ართულებს. საქართველო ამ სივრცეში შეხვედრისა და საუბრის ადგილად შეიძლება დარჩეს, თუ ღიაობას, მრავალმხრივ კავშირებსა და მონაწილეობით პოლიტიკას შეინარჩუნებს.

მომხსენებელმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების მიმართ გამოყენებულ ენაზეც გაამახვილა ყურადღება. ისინი „დიასპორებად“ არ უნდა აღვიქვათ: ეს საქართველოს ისტორიული მოსახლეობაა. მოქალაქეების გარე სახელმწიფოს გაგრძელებად წარმოდგენა მათ მიმართ უნდობლობას აძლიერებს და სწორედ იმ გავლენის სივრცეს ქმნის, რომლის შეზღუდვაც საქართველოს სურს.

პარტნიორობა მუდმივი ინტერესების პირობებში

მამუკა მახათაძემ მსჯელობა ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებზე გადაიტანა. მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ მეგობრული ურთიერთობა ინტერესების მუდმივ თანხვედრას არ ნიშნავს. ყარაბაღის ომის შემდეგ გაძლიერებული აზერბაიჯანის უფრო ამბიციური ქცევა მოულოდნელი არ არის; საქართველოს ამოცანაა, შესაძლო უთანხმოებები წინასწარ დაინახოს, თანამშრომლობის პირობები გამჭვირვალე გახადოს და დამოკიდებულება ერთ პარტნიორზე შეუმციროს.

„მუდმივი არის ინტერესები და არა მეგობრები ან მტრები. დღეს მეგობრები ვართ, მაგრამ ჩვენი ინტერესები შეიძლება ერთმანეთს ყოველთვის არ დაემთხვეს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ეს ინტერესები თანმიმართული იყოს და ყველაფერი მაქსიმალურად გამჭვირვალედ განვიხილოთ. საქართველო–აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობა ინტერესების დაბალანსებაზე დგას; მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ რა ფასს იხდის და რა გარანტიები გვაქვს.“

ენერგეტიკაში აზერბაიჯანმა რუსეთის ჩანაცვლებით საქართველოს მნიშვნელოვანი უსაფრთხოების შესაძლებლობა მისცა. თუმცა მამუკა მახათაძის თქმით, სიტყვა „მთლიანად“ ახალ რისკსაც შეიცავს: ერთი წყაროს მეორით სრულმა ჩანაცვლებამ ქვეყანა კვლავ ერთ პარტნიორზე დამოკიდებული დატოვა. ამიტომ საჭიროა ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია, არსებული შეთანხმებების საჯარო და პროფესიული გადახედვა და ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მოლაპარაკებისას საქართველოს არჩევანს გაზრდის.

მსგავსი საჭიროება იკვეთება საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის საკითხშიც. წლების განმავლობაში გადადებული დავა არ ქრება; ძალთა თანაფარდობის ცვლილებასთან ერთად მისი გადაწყვეტა უფრო რთულდება. დისკუსიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ დარჩენილი მონაკვეთებისთვის უნდა შეიქმნას მკაფიო სამუშაო კალენდარი, ხოლო დავითგარეჯისა და ქურმუხის მსგავს მგრძნობიარე ადგილებზე — წვდომისა და ინციდენტების მართვის შეთანხმებული წესები. ასეთ საკითხებში ბუნდოვანება ორივე მხარეს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული შემთხვევა შიდა პოლიტიკური მობილიზაციისთვის გამოიყენოს.

შუა დერეფანი და დაკარგული დრო

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნაწილი საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას შეეხო. პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, შუა დერეფანში მდებარეობა თავისთავად ჰაბობას არ ნიშნავს. საკვანძო ქვეყანა ის ხდება, ვინც ფლობს ინფრასტრუქტურას, ქმნის მომსახურებას, მართავს ტარიფებსა და მოძრავ შემადგენლობას და ტვირთისთვის პროგნოზირებად პირობებს უზრუნველყოფს.

„ბოლო ათი–თხუთმეტი წლის განმავლობაში შუა დერეფნის სიმძიმის ცენტრმა ნელ-ნელა აზერბაიჯანისკენ გადაინაცვლა. ჰაბობას მხოლოდ რუკაზე მდებარეობა არ განსაზღვრავს. აზერბაიჯანმა შექმნა ტრანზიტთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, განავითარა ფლოტი, გემთმშენებლობა, ლოკომოტივებისა და ვაგონების წარმოება. საქართველოში კი პორტები სახელმწიფოს არ ეკუთვნის, ანაკლია ჯერ არ აშენებულა და ინფრასტრუქტურული პროექტები გაჭიანურებულია.“

— პაატა ცაგარეიშვილი

დისკუსიაში ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მაგალითიც განიხილეს. მონაწილეთა ნაწილის შეფასებით, პროექტში საქართველოს წვლილის მიუხედავად, საკვანძო გადაწყვეტილებებზე და მომსახურების პირობებზე აზერბაიჯანის გავლენა უფრო ძლიერია. დასახელდა შემთხვევები, როდესაც ქართული ტვირთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფერხდებოდა და ადგილობრივი გადამზიდავი არათანაბარ პირობებში ხვდებოდა. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ სატრანზიტო სტატუსი მხოლოდ გზის არსებობა არ არის — ის მოლაპარაკების უნარს, საკუთრებასა და ყოველდღიურ მართვასაც ეფუძნება.

TRIPP-ის შესაძლო ამოქმედებამ კითხვა კიდევ უფრო გაამწვავა. სომხეთის გავლით ახალი მარშრუტი რეგიონს ეკონომიკურ შესაძლებლობას შეიძლება აძლევდეს, მაგრამ საქართველოს დღევანდელ სატრანზიტო უპირატესობასაც შეამცირებს. თუ ახალი გზები ადრე ჩაირთვება, ვიდრე საქართველო ანაკლიას, რკინიგზასა და აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალს დაასრულებს, ტვირთი ალტერნატიულ მიმართულებაზე დამკვიდრდება და მისი დაბრუნება რთული იქნება. ამიტომ დისკუსიისას დრო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ რესურსად დასახელდა.

სტუდენტის, ანა ხორგუაშვილის, შეკითხვამ ეს საკითხი კონკრეტულ არჩევანამდე დაიყვანა: რა შეიძლება გაკეთდეს მომდევნო რამდენიმე წელიწადში, თუ TRIPP-ი რეალურად ამოქმედდება? პასუხებში გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება — ანაკლიის დაჩქარება, საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სინქრონულად დასრულება, მოძრავი შემადგენლობის განახლება, ლოგისტიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ციფრული, შეუფერხებელი სატრანზიტო მომსახურების შექმნა. ამასთან, ერთ პროექტზე დამყარებული პასუხი საკმარისი ვერ იქნება.

გიორგი ხარაბაძემ აღნიშნა, რომ ანაკლია ის იშვიათი სტრატეგიული რესურსია, რომლის შექმნაც საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე შეუძლია, თუმცა მხოლოდ პორტი TRIPP-ის მარშრუტს ვერ ჩაანაცვლებს. ქვეყანას სჭირდება ახალი მიმართულებების გახსნაც და მკაფიო არჩევანი, როგორ გამოიყენოს ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ არსებული გზები უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით.

გურამ ნიკოლაშვილი (მარცხნივ) და გიორგი ხარაბაძე დისკუსიისას© LECTORIVM
გურამ ნიკოლაშვილი (მარცხნივ) და გიორგი ხარაბაძე დისკუსიისას

ძლიერი მეზობელი და საქართველოს პოლიტიკური პასუხი

ივლიანე ხაინდრავამ ყურადღება ილჰამ ალიევის საჯარო რიტორიკაში თურქული, კავკასიური და ისლამური იდენტობების დაახლოებაზე გაამახვილა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით საყურადღებოა კავკასიის თურქულ სამყაროსთან ერთ პოლიტიკურ კონტექსტში მოხსენიება და ისლამური სოლიდარობის გაძლიერებული ენა სეკულარულ სახელმწიფოში. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რადიკალურ იდეოლოგიურ ცვლილებას, მაგრამ მიუთითებს, რომ ბაქო რეგიონული ლიდერობისთვის უფრო ფართო სიმბოლურ ენას იყენებს.

ივლიანე ხაინდრავა გამოსვლისას© LECTORIVM
ივლიანე ხაინდრავა გამოსვლისას

ამავე დისკუსიაში გაისმა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ფორმულირება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანის ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილია. მონაწილეებმა ეს პოზიცია ქურმუხის თემასთან და ყარაბაღში მიმდინარე მემკვიდრეობის ხელახალ აღწერასთან დააკავშირეს. საფრთხე მხოლოდ კონკრეტული ძეგლის სახელდებაში არ არის: სახელმწიფოს მიერ შექმნილი თანმიმდევრული ნარატივი დროთა განმავლობაში განათლებაში, დიპლომატიასა და საერთაშორისო კომუნიკაციაში მყარ ფაქტად შეიძლება დამკვიდრდეს.

დისკუსიაში რამდენჯერმე დაბრუნდა კითხვა, აქვს თუ არა საქართველოს მსგავსი თანმიმდევრული პოლიტიკა. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისტორია ერთდროულად მეცნიერებაცაა და პოლიტიკური ინსტრუმენტიც, ამიტომ მის კვლევას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ეს არ გულისხმობს მეცნიერების პროპაგანდად ქცევას. პირიქით, საჭიროა ძლიერი აკადემიური ინსტიტუტები, წყაროების გამოცემა, უცხო ენებზე მუშაობა და სახელმწიფოს უნარი, სანდო ცოდნა დროულად გამოიყენოს.

ვინ ქმნის საფრთხის ნარატივს

კატო ჭავჭანიძემ მსჯელობას განსხვავებული კუთხე შესთავაზა: ერთი და იგივე გარემოება შეიძლება საფრთხედაც განიმარტოს და შესაძლებლობადაც. საქართველოში მუსლიმი და ეთნიკური უმცირესობების არსებობა ზოგისთვის მეზობელი სახელმწიფოს გავლენის რისკია, სხვებისთვის კი რეგიონულ დიალოგში ჩართვის უპირატესობა. არც ერთი ინტერპრეტაცია მხოლოდ ფაქტიდან ავტომატურად არ გამომდინარეობს — მას პოლიტიკური აწმყო, ხელისუფლება, ექსპერტები, მედია და საზოგადოებრივი განწყობა ქმნის.

„ერთი და იგივე ფაქტები სხვადასხვანაირად ინტერპრეტირდება და ამ წარმოდგენებით ეროვნული იდენტობებიც იქმნება. თემები თავისთავად არ ‘იღვიძებენ’ და ერთ დღეს შემთხვევით არ ხდებიან ყველაზე აქტუალური. მათ ყოველთვის აქვთ აწმყოში არსებული პოლიტიკური განზომილება. ამიტომ უნდა ვიკითხოთ, რატომ ითარგმნება აზერბაიჯანის გაძლიერება აუცილებლად მუსლიმურ საფრთხედ და რა ხდება ჩვენს შიდა პოლიტიკურ კონტექსტში.“

— კატო ჭავჭანიძე

ახალგაზრდა მონაწილემ, ლაზარე ქარჩხაძემ, ამავე პრობლემას საქართველოს იდენტობის კრიზისი დაუკავშირა. მისი თქმით, წლების განმავლობაში დასავლურ სივრცესთან დაახლოება ქვეყნის პოლიტიკური თვითაღქმის ღერძი იყო, ახლა კი ამ მიმართულების ბუნდოვანებამ საზოგადოება საერთო ორიენტირის გარეშე დატოვა. ეს გაურკვევლობა პირდაპირ აისახება მეზობლებთან პოლიტიკაზეც: საზოგადოებას არ აქვს შეთანხმება, რა სურს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და მთლიანად რეგიონთან ურთიერთობაში.

მან ყურადღება ეთნიკური აზერბაიჯანელების ინტეგრაციაზეც გაამახვილა. სახელმწიფოს არასისტემური პოლიტიკა მოქალაქეებს არჩევნების დროს გამოსაყენებელ რესურსად ან უსაფრთხოების პრობლემად ტოვებს. ამის საპირისპიროდ, თანმიმდევრული სამოქალაქო ინტეგრაცია — განათლებაზე, საჯარო სამსახურზე, პოლიტიკურ მონაწილეობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული — ქვეყნის შიდა მდგრადობას აძლიერებს და გარე გავლენის შესაძლებლობას ამცირებს.

ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრის მონაწილე სტუდენტები© LECTORIVM
ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრის მონაწილე სტუდენტები

პარტნიორობის ახალი ფორმულა

შეხვედრაზე საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობის მზა ფორმულა არ შექმნილა, თუმცა მკაფიოდ გამოიკვეთა მისი მთავარი პირობები. საქართველოს სჭირდება პარტნიორობა, რომელიც მხოლოდ კეთილგანწყობის დეკლარაციას არ ეფუძნება. აუცილებელია შეთანხმებების გამჭვირვალობა, ენერგიის წყაროებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაცია, საზღვრის საკითხების დროული მოგვარება, კულტურული მემკვიდრეობის პროფესიული დაცვა და ინფრასტრუქტურაში დაკარგული დროის ანაზღაურება.

ამავე დროს, საქართველოს პასუხი უფრო ძლიერი ნაციონალისტური ნარატივის შექმნა ვერ იქნება. ქვეყნის რეალური უპირატესობა შეიძლება დარჩეს ღიაობა, სამოქალაქო თანასწორობა, მრავალმხრივ ფორმატებში მონაწილეობა და წესებზე დაფუძნებული ურთიერთობების დაცვა. შორენა ლორთქიფანიძემ მცირე, თემატური ალიანსების შესაძლებლობაზეც ისაუბრა — თანამშრომლობაზე იმ ქვეყნებთან, რომელთა ინტერესებიც კონკრეტულ საკითხებში საქართველოსას ემთხვევა, სრული პოლიტიკური ბლოკის შექმნის გარეშე.

ლექტორიუმის მეოთხე შეხვედრამ აჩვენა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე მეტად მაშინ საჭიროებს გააზრებას, როდესაც ძალთა თანაფარდობა იცვლება. ძლიერი მეზობლის არსებობა თავისთავად არც მტრობას ნიშნავს და არც უსაფრთხოებას. შედეგს განსაზღვრავს საქართველოს უნარი, ზუსტად დაინახოს საკუთარი ინტერესები, შექმნას არჩევანის რამდენიმე გზა და პარტნიორს მეგობრული, მაგრამ თანასწორობის მომთხოვნი ენით ესაუბროს.

გიორგი კობერიძე, თორნიკე შარაშენიძე და მამუკა მახათაძე შეხვედრისას© LECTORIVM
გიორგი კობერიძე, თორნიკე შარაშენიძე და მამუკა მახათაძე შეხვედრისას